როგორ „დაიბადა“ ერგონომიქსი
· ავტორი: Ilia Chkhutishvili
ისტორია ცოტა გააზრებულად და მაგრამ მაინც სპონტანურად დაიწყო. უკვე რვა წელია ძირითადად საკონსულტაციო და სამშენებლო ბიზნესით ვიყავი დაკავებული და საკმაოდ წარმატებით; მაგრამ მერე უცებ პანდემია „დაგვატყდა თავს“ და ყველაფერი აირია, თუმცა სიტყვა არევა არ შეესაბამება იმ მდგომარეობას რაც შეიქმნა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, დადუმდა ყველაფერი. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩემი სამშენებლო ბიზნესი მიბმული იყო ჩემს საკონსულტაციო ბიზნესზე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი უცხოელი კლიენტები საქართველოში ვერც კი ჩამოდიოდნენ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, აღმოჩნდა ჩემი კომპანიების ბიზნეს აქტივობებმა საგრძნობლად იკლო. ვერ ვიტყვი, რომ გაკოტრების პირას მივედით ან პირადად მე რაიმე ფინანსური პრობლემები შემექმნა, მაგრამ საქმემ აშკარად იკლო და შესაბამისად შემოსავალმა; მაგრამ მეორე მხრივ აღმოჩნდა, რომ საკმაო დრო გამომითავისუფლდა, დიდი ხნის თაროზე შემოდებული იდეა თაროდან გადმომეღო და მტვერი გადამეწმინდა.
„ისტერიულად გაჭენებული“ პანდემიის და სახლში ჩაკეტილობის პერიოდში დრო მართლაც, რომ უხვად იყო, ამიტომ დავიწყე ფიქრი ახალი კომპანიის შესახებ. კერძოდ დიდი ხანი მიტრიალებდა თავში რამოდენიმე საინტერესო პროდუქტი, რომელიც ევროპაშ ვიზიტისას ვნახე და ზოგადად საერთაშორისო ბაზრებზე კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. ასევე მყარად მქონდა გადაწყვეტილი საქართველოში მცირე წარმოების წამოწყება. საერთაშორისო ვაჭრობაში რაიმეს წამოწყება დიდი ხანი მქონდა, მაგრამ ყველაფერი კარგად ასაწონი და გასაანალიზებელი იყო, რადგან რამოდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა მქონდა:
პირველ პრობლემას უპირობად გაყიდვებში ვხედავდი, ერთი ობიექტური მიზეზი ის იყო, რომ ნებისმიერი ბიზნესი გაყიდვებით იწყება, მეორე კი ის რომ არც რითეილის და არც მარკეტინგის (და მითუმეტეს პანდემიის დროს გააქტიურებულ ონლაინ მარკეტინგის) შესახებ წარმოდგენა არ მქონდა. უფრო სწორად წარმოდგენა კი მქონდა მაგრამ ეს წარმოდგენა ნამდვილად არ იყო საკმარისი ამ დარგში ახალი კომპანიის წამოსაწყებად და რაც მთავარია ვინმესთან კონკურენციაში შესასვლელად. მეორე პრობლემა გახლდათ ფინანსები. როგორც გაირკვა ისევე როგორც, ჩვეულებრივ რითეილში ონლაინ რითეილშიც საკმაო თანხები გჭირდება სერიოზული კომპანიის გასამართად, და მიუხედავად იმისა რომ პირადად ფინანსურ სიდუხჭირეს საყოფაცხოვრებო დონეზე არ განვიცდიდი, რაიმე სერიოზული ინვესტიციების განხორციელებისთვის თანაც ჩემთვის ნაკლებად ცნობილ დარგში უბრალოდ სარისკოდ კი არა, პირდაპირ რომ ვთქვათ შეუძლებლად მიმაჩნდა. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ხედვის ნაკლებობა. ხედვაში იმაში ვგულისხმობ, რომ რითეილი კი იყო ზოგადად მთავარი კომპონენტი ჩვენი საქმის, მაგრამ მეორე მხრივ რითეილის დიდი ნაწილი ონლაინ გადავიდა და თანაც ნამდვილად არ მქონდა სურვილი კიდევ ერთი ონლაინ მაღაზია გამეხსნა. ამ ყველაფერის გათვალისწინებით პირველ რიგში მაინც ჩავთვალე, რომ საჭირო იყო ხედვის ჩამოყალიბება თუ რა ტიპის კომპანია გვინდოდა და რითი უნდა ყოფილიყო ის განსხვავებული სხვებისგან. ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიცოდი, რომ თუ იქნებოდა ჩამოყალიბებული ხედვა და გარკვეული ფილოსოფია ბიზნესის წარმოების თანხებიც მოიძებნებოდა და შესაბამისი know-how-ს ათვისებასაც შევძლებდით. ამ მომენტის კარგად გააზრების შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი ფიქრი იმაზე თუ რაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული კომპანიის ფილოსოსფია და ხედვა, რომ ერთი მხრივ ის ყოფილიყო მომგებიანი როგორც კომპანიისთვის ასევე მომხმარებლისთვის და მეორე მხრივ ყოფილიყო ჯანსაღი და თავის თავში ჰქონოდა უნარი მუდმივი გაფართოებისა და განვითარებისა.
